ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა. კულტურის სამინისტროს ცნობით, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - „ირემი“ - საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა.
„ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიის დასკვნა ნიკო ფიროსმანაშვილის ფერწერული ნამუშევრის - „ირემი“ - ავთენტიკურობის შესახებ გადაეცა მესაკუთრეს და მას დაუბრუნდა კვლევისათვის ლაბორატორიაში წარმოდგენილი ფერწერული ტილო,“- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2023 წლის 2 აგვისტოს ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიას საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად მოქალაქე ლაშა შენგელიამ მიმართა და წარადგინა კერძო კოლექციის ფერწერული ნამუშევარი „ირემი“, რომელსაც ახლავს ხელმოწერა: „ნიკო ფიროსმანაშვ...“ ეს არის მუყაო, ტილოზე დუბლირებული და ქვეჩარჩოზე. ნახატი შესრულებულია ზეთით, ზომა - 80,5x102. ნამუშევარი რესტავრირებულია.